საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ერთკვირიანი ვიზიტი დაასრულა და თბილისში გამართული შედეგები შეაჯამა. ისინი საქართველოს ეკონომიკური შედეგებით კმაყოფილები არიან.
კერძოდ ფონდის შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი იყო. ზრდამ, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტი შეადგინა, რასაც მოხმარების და საგარეო მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი.
“საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს მაღალი, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად,” – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპორტის, ტურიზმის, და ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მატებამ ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 7 პროცენტამდე შემცირება გახადა შესაძლებელი (2017 წლის 3 კვარტლის მონაცემის მიხევდით).
2017 წელს ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 6.7 პროცენტი შეადგინა, რაც ძირითადად საწვავსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდით იყო გამოწვეული. წლის დასასრულს ინფლაციური მოლოდინის ზრდის პასუხად, დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7¼ პროცენტამდე. 2018 წლის იანვარში, წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტამდე დაიკლო, როგორც იყო მოსალოდნელი.
წინასწარი მონაცემები მიუთითებს, რომ ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესად შესრულდა. სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა იმ სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რაც მაღალ, მდგრად და მეტად ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები საქართველოს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების, კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობის და ფინანური უსაფრთხოების სისტემების დახვეწის მიმართულებით.