ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ჯანგირაშვილი კობახიძეს: “თქვენ ხართ დესტრუქციული და ხართ ჩვეულებრივი მხარე”

“ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ დესტრუქციული, არ იცავთ ეთიკას. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მხარე”- ასე მიმართა ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა  პარლამენტის თავმჯდომარეს  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრაზე და მან დარბაზი დატოვა.

მანამდე, ჯანგირაშვილი მედიაბაზრის შემოსავლების სტატისტიკას წარადგენდა, რა დროსაც  ირაკლი კობახიძემ ის სიცრუეში დაადანაშაულა. ჯანგირაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლიდან სარეკლამო ბაზრაზე კლებაა.

“თქვენ იტყუებით, ნუ გვატყუებთ, 2012-2013 წლებში ბაზარზე იყო 25 მილიონი ლარის კლებაა. იმსჯელეთ ლოგიკურად და მოიყვანეთ სწორი ფაქტები. ყველამ ვიცით მათემათიკა, რა მათემატიკა ისწავლეთ. თქვენ გადასული ხართ ლოგიკური რელსებიდან”, – მიმართა ნინო ჯანგირაშვილს ირაკლი კობახიძემ.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო. 22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

 

იტვირთბა....