შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ყველა ის ვერსია მოწმდება, რაც გამოძიებას ამ ეტაპზე აქვს.
მისი ინფორმაციით გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის მედიაში გავრცელებული ინფორმაციების კუთხითაც.
“ქალბატონი დოდოს გამოკითხვა უკვე განხორციელდა და ხდება ყველა იმ ვერსიის გადამოწმება, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს. ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ და როგორც კი დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, საზოგადოებას ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
დოდო გუგეშაშვილმა 7 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დეტალები გაიხსენა. მისი პირველი კომენტარი ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა. გუგეშაშვილის თქმით, მკვლელმა მას დახმარება სთხოვა, ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა სახლში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში გულის არეში ესროლა.
“მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე; მის ახლობელს კიევში მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა. ვინაიდან უკრაინაში ომია და მე იქ მყავს ნაცნობები, მთხოვა, დავხმარებოდი, რომ ის პიროვნება აეროპორტიდან მაღაზიამდე უსაფრთხოდ მისულიყო.
ეს ადამიანი გამეცნო, როგორც ზურა. იმდენად უმნიშვნელო იყო ჩემთვის, რომ არც მახსოვს, გვარი მითხრა თუ არა.
სამწუხაროდ, მე არასდროს მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ჩემთან ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, ჩვეულებრივად, რამდენჯერმე სახლშიც შემოვუშვი, – რადგან მე ყველას ვუშვებ სახლში. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კარი იმ დღესაც ღია მქონდა. შემოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მესროლა. მახსოვს, რომ მესროლეს გული არეში და მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე გასული იყო სახლიდან. როგორ ესროლა ჩემს შვილს, – არ მინახავს” – განაცხადა გუგეშაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. ამ დრომდე უცნობია მოტივი და სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა და ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის.