ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აუდიტის სამსახურმა მერიის ქონების მართვისა და განკარგვის აუდიტის შედეგად დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტის შედეგად რიგი დარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიწის ფართები უმეტეს შემთხვევაში საპრივატიზებოდ გამოაქვს პირობით – „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი, მის საკუთრებაში არსებულ ერთ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებულ მიწის ფართს ჰყოფს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად და შემდეგ ერთ-ერთი ფართი გამოაქვს აუქციონზე შემზღუდავი პირობით. აუქციონების უმრავლესობა მიმდინარეობს უკონკურენტო გარემოში და პოტენციური მყიდველი ძირითადად ხდება მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე. იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან საპრივატიზებო ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შედეგად, იზღუდება კონკურენცია და მუნიციპალიტეტი კარგავს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპრივატიზებოდ გამოტანილი ქონების საწყისი ფასი დგინდება დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასების საფუძველზე. საექსპერტო დასკვნების ანალიზით გაირკვა, რომ შემზღუდავი პირობებით გასაყიდ ობიექტებზე ექსპერტი ამცირებს ფართის საპრივატიზებო ღირებულებას. შესაბამისად, საწყისი ფასი დგინდება საბაზროზე ნაკლები ღირებულებით. შეზღუდვით გამოცხადებული აუქციონი ძირითადად ტარდება უკონკურენტო გარემოში და ფართის პრივატიზება ხდება არასაბაზრო ღირებულებით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარგებლობის უფლებით ფართების უმეტესობა გაცემულია მიწის ნორმატიული ღირებულების გათვალისწინებით. ქონების მოსარგებლეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, ეკონომიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, მერიას უფლება ჰქონდა, მხარესთან შეთანხმებით გადაეხედა საიჯარო ღირებულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით, ძირითად შემთხვევაში, საბაზრო ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარის ფასების გადახედვა არ განხორციელებულა და მოიჯარეებისათვის სარგებლობის საფასური არ არის შეცვლილი. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.

2012 წელს ქ. თბილისში გზის გაყვანის შედეგად კერძო კომპანიას მიადგა ზარალი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ზარალის შეფასება და ანაზღაურება განახორციელა 2016 წლის მდგომარეობით, მიწის საბაზრო ღირებულების მიხედვით. პროცესის გაჭიანურების შედეგად, მერიის მიერ ზარალი შეფასდა და ანაზღაურდა, ზარალის მიღების პერიოდში არსებულ ღირებულებასთან შედარებით, დაახლოებით 5-ჯერ მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთით.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებთან დაკავშირებით გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

იტვირთბა....