ახალი ამბები მთავარი სამართალი

შიხიაშვილი: “იმედი გვაქვს, დოდო გუგეშაშვილი გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს”

 

ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე თავდასხმის საქმეზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოს ბიზნესში დახმარების მიზნით დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა დაამყარა, თუმცა შიხიაშვილი ამბობს, რომ არავინ იცის ვინ იყო ეს  პირი.

მისი თქმით, აღნიშნული პირი დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი და ამგვარად მოიპოვა მისი ნდობა.

„ცნობილია ის, რომ 10 თვის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თითქოსდა ბიზნესში დახმარების მიზნით მოახერხა და დაამყარა დოდო გუგეშაშვილთან ურთიერთობა. როგორც ვიცით, ეს პირი სთხოვდა დოდო გუგეშაშვილს, რათა დახმარებოდა და დიდი ოდენობით შეძენილი ქარვა უსაფრთხოდ მიეტანა აეროპორტამდე. ისიც ვიცით, რომ დოდო გუგეშაშვილს გაეცნო როგორც ომის ვეტერანი. იმედი გვაქვს, რომ როდესაც დოდო გუგეშაშვილი მდგომარეობიდან გამოვა, შეძლებს და გაიხსენებს რაიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი იქნება“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. ამ დრომდე უცნობია მოტივი და სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა და ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში გადის.

დღეს, ნოდარ გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც დოდო გუგეშაშვილი რეანომობილით ექიმების თანხლებით მიიყვანეს და დაკრძალვის შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში დააბრუნეს.

იტვირთბა....