ახალი ამბები მთავარი სამართალი

არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: პროკურატურა ექსპერტიზის დასრულებას აჭიანურებს

“მეტრონომი” სასამართლოდან:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სხდომა დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მედია მასზე დასწრებას ვერ ახერხებს.

სხდომამდე ადვოკატმა ეკატერინე მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი პროცესი პროკურატურის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოწმე 51-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილია, მას შემდეგ კი სკოლის დირექტორის დაკითხვაც იგეგმება. მისი თმით, სასამართლო დღეს მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელებს.

დაცვის მხარე ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს, თუმცა ეკატერინე მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სანამ პროკურატურა არ დაასრულებს თავის ექსპერტიზას, მანამდე მისი ჩატარება შეუძლებელია, 6 თვეში კი განაჩენი უნდა დადგეს. შესაბამისად, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ პროკურატურა ექსპერტიზას განგებ აჭიანურებს, რომ დაცვის მხარემ მისი ჩატარება განაჩენის დადგომამდე ვერ მოასწროს.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩატარდეს ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა. აქედან გამომდინარე, ვიდრე ის არ დასრულდება და არ გადმოგვეცემა ეს ნივთები, ვერ ჩავატარებთ ალტერნატიულ ექსპერტიზას.

ამ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ყველაზე მთავარი – რამდენი დანა იყო გამოყენებული. ვფიქრობთ, რომ ხელოვნურად  ჭიანურდება პროცესი. ვიცით, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის პასუხი ცოტა გვიან არის ხოლმე, მაგრამ ვინაიდან ამ საქმეზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად 6 თვეში განაჩენი უნდა დადგეს  და საქმეს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში ვიხილავთ, ბრალდების მხარე უნდა ცდილობდეს, რომ ექსპერტიზის პასუხები ამ ვადაში მოესწროს. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და ჩვენი ექსპერტიზა როდის მოესწრება არ ვიცით. ისე საეჭვოდ ჭიანურდება, რომ ალბათ 6 თვის ვადაში ჩვენი ექსპერტიზის პასუხი ვერ მოესწრება” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი  არასრულწლოვანია დაკავებული.   დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....