ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზის ადვოკატი: “დროა ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი”

“მეტრონომი” სასამართლოდან:

“შემდეგი გეგმა იქნება ის, რომ საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში”- ამის შესახებ ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკანოზი სააპელაციო სასამართომაც დამნაშავედ ცნო. მიხეილ რამიშვილი ამ გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს.

”მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობენ დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. ეს იყო გაგრძელება იმ შეკვეთისა და იმ დავალების, რომელიც პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დაიწყო. ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბუნძირეა მართლმსაჯულების მხრივ. ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს. სასამართლო არ არსებობს და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ თავის სამართლიანობას დაამტკიცებს. ეს არის ნიშანი ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან, პროკურატურიდან , რომ ვისაც კი ინტერესი ექნება ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო, ყოველთვის მოარგებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს შიში, რომ არ არსებლბს ჩვენთან სასამართლო. დროა ხალხმა გადავწყვიტოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო”- განაცხადა რამიშვილმა.

დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება – 9 წლით პატიმრობა დეკანოზ მამალაძის მიმართ. სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა მოტოვი- შურისძიებით განზრახ მკვლელობის მომზადება და პროკურატურის საჩივარი, რომ მოტივი ანგარება ყოფილიყო, არ დააკმაყოფილა. დეკანოზი მამალაძე უკვე 1 წელია სასჯელს იხდის პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის. ის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ დაესწრო. ადვოკატები გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....