საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრთნ საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა, რომ მათი მიზანია მოქალაქეებმა კარგად გაიგონ თუ რა რისკებთანაა დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტი და თავშესაფრის მოთხოვნა.საგანგებო თათბირში ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.
ჯანალიძის თქმით მთავრობა ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ეფექტურად გაავრცელებს და შეეცდება, კიდევ ერთხელ, კამპანიური სახით მიაწოდოს მოსახლეობას.
„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი. ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა ასპექტს. პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთი მხრივ, ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე – თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ხელისუფლება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას ითხოვს. ამაზე კომენტარი გერმანული რადიო WDR-ს ეთერში რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობაა.