ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში დღეისათვის დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი თეატრის შენობის მძიმე მდგომარეობაა. მათივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ სპექტაკლის დროს შენობის ჭერი ჩამოინგრას და ადამიანების უსაფრთხოება დაცული არ არის.
,,თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სპექტაკლი არ ჩატარდეს. არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ შენობის ჭერი ჩამოინგრას და როგორც მაყურებლების, ასევე მსახიობების უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დადგეს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, რათა დაცული იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება.
რეალურად უამრავი პროექტი გვაქვს ჩაშვებული, რომლის გაჩერებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა ამ შენობაშია, არ მოგვარდება, ვერ მივიღებთ ვერც მაყურებელს და ვერ ჩავატარებთ ვერც ერთ ღონისძიებას“, – აღნიშნა თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. თეატრი, რომელიც 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, საზეიმოდ 2014 წელს გაიხსნა.