რუსთავის №16 საჯარო სკოლაში მოწამლულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ inforustavi ავრცელებს.
სააგენტო ექიმის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსწავლეები სტაციონარში გადაყვანას არ საჭიროებენ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სკოლაში სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია “რუსთავის წყლის” თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.
“აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ სკოლაში დაფიქსირდა. ხაზგასასმელია, რომ კონკრეტულად ამ სკოლის გარდა წყალმომარაგების იმავე არეალში სხვა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა. ჩვენი წარმომადგენლები უკვე ადგილზე იმყოფებიან. ჩვენ ჩვენი მხრიდან საკითხის შესწავლის მიზნით ავიღებთ სინჯებს და ჩავატარებთ ლაბორატორიულ კვლევას. პირველადი შედეგები სინჯის აღებიდან 2-3 საათში გახდება ცნობილი.” – აცხადებენ კომპანია “რუსთავის წყალში”.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევითი სამუშაოები და სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს კანონმდებლობის შესაბამის ღონისძიებებს” – აღნიშნა ქვემო ქართლის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა.
მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი ამ დროისთვიის უცნობია. სკოლაში მოზარდების მდგომარეობას ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა პირადად გაეცნო.
წყაარო: inforustavi.ge