უნივერსიტეტის იდეის განხორციელება გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი იყო, ვიდრე, თუნდაც ყველაზე წარმატებული, საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა იტვირთეს და დაადგეს ეს გვირგვინი ქართულ ეროვნულ განათლებას. მათმა დაუღალავმა შრომამ და რწმენამ იმისა, რომ ქართველებს გვქონდა საამისო ინტელექტუალური რესურსი, შესაძლებელი გახადა, ამ კედლებში ხორცი შესხმოდა ჩვენი სახელოვანი წინაპრების სანუკვარ იდეას და საქართველოს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეპოქა დაწყებულიყო.
უნივერსიტეტის იდეის განხორციელება გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი იყო, ვიდრე, თუნდაც ყველაზე წარმატებული, საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნაა. ეს სულისკვეთება ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზე იქნა აყვანილი, რადგან იგი მომწიფდა მაშინ, როდესაც საქართველოში სულ უფრო ძლიერდებოდა იმპერიისგან თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა. ჩვენი დიდი წინაპრები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მძლავრი საგანმანათლებლო, ეროვნული კულტურული კერის არსებობას ერთ კონტექსტში განიხილავდნენ. და ეს სულ მალე გამოჩნდა – უნივერსიტეტის დაარსებიდან რამდენიმე თვეში, საქართველომ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით, დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. ამ თარიღებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ისტორიისთვის”, – თქვა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა დასძინა, რომ 2018 წელი საქართველოსთვის საიუბილეო წელია და “ვალდებული ვართ, ღირსეულად აღვნიშნოთ ეს ორი უდიდესი ეროვნული მოვლენა”.