ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეზვრიშვილი: ქურდული სამყაროს წევრის მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით დაისჯება

რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ქურდული შეკრების ორგანიზება და ქურდული სამყაროს წევრის რაიმე სახით მხარდაჭერა დასჯადი იქნება.

“ქურდული შეკრების ორგანიზება, მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ, რომელიც ქურდული სამყაროს წევრი არ არის და არც “კანონიერი ქურდია“, უკვე დაისჯება. ქურდული სამყაროს წევრის მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით – იქნება ეს ფიზიკური დახმარება თუ მატერიალური მხარდაჭერა, დაისჯება. ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა გავააქტიუროთ. თუკი კანონიერი ქურდი საქართველოში ჩამოვა, რა თქმა უნდა, დავაკავებთ, რადგან კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრობა, დანაშაულია. ასევე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ როგორც სხვა დანაშაულებზე გვჭირდება საკმარისი მტკიცებულებები, ასევე გვჭირდება საკმარისო მტკიცებულება ამ შემთხვევაშიც. კანონიერ ქურდობასაც დადასტურება სჭირდება. ქურდული სამყაროს წევრობასაც დადასტურება სჭირდება. არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ამას ადასტურებს. არსებობს შესაბამისი ჩვენებები, რომელიც ამას ადასტურებს. ეს არის გამოძიებისა და მტკიცების პროცესი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

იტვირთბა....