თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ჭკადუა ამბობს, რომ ეს განსხვავებული შემთხვევაა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს, თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, არის შეძრწუნებული და პანიკური შიშის ქვეშ.
“როდესაც აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაშავებული ბავშვები არ არიან მძიმე მდგომარეობაში, ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ბრალდებისა და სასამართლოს მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ჩვენ ვასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მინდა, წინასწარვე გამოვთქვა ჩემი წუხილი, რომ არ მაქვს იმედი, სააპელაციო სასამართლო ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს, ვფიქრობ, მოსამართლეები უნდა იყვნენ მეტად დაფიქრებულები, მხოლოდ და მხოლოდ კანონიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
31 იანვრს „წითელ ბაღში“ მომხდარი დაპირისპირებისას ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა.