გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის, აღმოსავლეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ასევე სააგენტოს ცნობით, არარეგისტრირებული დანადგარები – ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები მოქალაქეებს, ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით).
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.