მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურორს შეხვდება. მაჩალიკაშვილი გარდაცვლილი შვილის დაზარალებულად აღიარებას მოითხოვს.
“მე ჩემი ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად ხვალ აუცილებლად შევხვდები მთავარ პროკურორს. მე ვითხოვ ჩემი შვილი უდანაშაულოდ გამოაცხადონ და მას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდეს”, აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და საგამოძიებო ჯგუფი მაჩალიკაშვილების ოჯახს ხვალ, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეხვედრას სთავაზობს. ოჯახის უფროსი, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე შეხვედრისგან შეთავაზებული ფორმატის გამო თავს იკავებდა. პროკურატურა შეხვედრას მხოლოდ ოჯახის წევრებთან დათანხმდა.
ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა.