გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები, ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომას ითხოვენ. ბაზრის ტერიტორიიდან მერიის შენობამდე მსვლელობისას, ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა და აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. გარემოვაჭრეები უკმაყოფილონი არიან ზუგდიდის მერის, გოგიას მიერ შეთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართებით.
“ლაშა გოგია, ჩამოდი“, „ვითხოვთ ზუგდიდის მერად ედიშერ თოლორაიას!“ – ეს აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია.
მერიასთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
აქციაზე ერთერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.