საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს და ის მზად არის, რომ ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახსაც მიაწოდოს.
„მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ’, – განაცხადა შოთაძემ.
რაც შეეხება ოჯახის წევრების მოთხოვნას, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მისი შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, თუმცა ჩასატარებელია სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც, დანაშნულია ექსპერტიზები და ველოდებით მათ შედეგებს. რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნა შოთაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის სახლთან მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი და მწერალი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, მოსახლეობაში არის შიში, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე მიწყნარდება და ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.