შპს ,,ყვარელრემმშენი-52″,რომელმაც 2017 წელს ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია შეასრულა 2015 წელს შავ სიაში იყო მოხვედრილი. დოკუმენტების მიხედვით, ირკვევა, რომ შესყიდვების სააგენტომ კომპანია შავ სიაში 2015 წელს შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში ერთი წლით ხვდებიან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულება “თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა” და “ყვარელრემმშენს” შორის კომპანიის შავი სიიდან ამოღების მომენტიდან ორი თვის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში საბოლოო ცვლილებები 2017 წლის 29 აგვისტოს შევიდა.
დღევანდელი მონაცემებით, კომპანია “ყვარელრემმშენი” შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში აღარ არის.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან 2-ს საოპერაციოდ ამზადებენ. „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.