თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა “ვარკეთილის” მეტროში ჩამონგრეული ჭერის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ “ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე”.
“მე მგონი მთელი ეს დისკურსია პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, “ასოების დატოლება” – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და ქოცებს ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყავთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული არამედ უფრო ფართო გაგებით, ნაც-ქოცური დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ
მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე.
პ.ს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – წერს “ფეისბუქზე” უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროში ჩამონგრეული ჭერის შედეგად ათზე მეტი ადამიანი დაშავდა.