მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე შს სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო,რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხობის ნორმების დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მეტრონომს” უთხრეს, ჩაკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანია დაშავებული. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველებმა ყველა მათგანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო დაშავებულებს მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია გაიღებს.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ერთ-ერთ დაშავებულ ახალგაზრდა ქალს დაზიანება სახეზეც აქვს მიღებული, მას დაზიანებული აქვს თვალი, ასევე მოტეხილი აქვს ქვედა კიდური.