მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანია დაშავებული, რომლებიც 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
4 ადამიანი შედარებით მძიმედაა დაშავებული, მათგან 2-ს საოპერაციოდ ამზადებენ. „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდა, რომელმაც დაშავებული 4 პაციენტი მოინახულა.
„შემთხვევის შედეგად დაზიანებები 14-მა ადამიანმა მიიღო. მე ახლა ვინახულე 4 პაციენტი, საბედნიეროდ მათი მდგომარეობა მძიმე არაა. ოთხივე კონტაქტურია. მათი დაზიანებების უმეტესობა უკვე მართულია, დაფიქსირებულია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სეერგეენკომ.
დაშავებულები 4 კლინიკაში არიან გადაყვანილები კერძოდ: „ოფთიმალ მედიქალში“, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, „ამტელ ჰოსპიტალში“ და „ინგოროყვას კლინიკაში“.
დაშავებულთა შორის არის პოლიციელი და სააგენტო GNH-ის ჟურნალისტი.