“უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოხდება მკაცრი რეაგირება კონკრეტულ ფაქტზე”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარ შემთხვევაზე განაცხადა, სადაც დღეს დილით ჭერი ჩამოინგრა.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით 11 ადამიანია დაშვებული. მათ შორისაა საპატრული პოლიციის თანამშრომელი, ასევე სააგენტო GHN-ის ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევაზე განცხადება გააკეთა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.
ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.
თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჭერი, რომელიც ჩამოინგრა, ახალი გარემონტებული იყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელმშენმა“ ჩაატარა.