„მომავალმა ხელისუფლებებმა არასდროს იფიქრონ, რომ სახელმწიფო მანქანის გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების ხელშეშლის მიზნით“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომელიც იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“.
„საინტერესოა საპარლამენტო უმრავლესობის ეს ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ, რათა მომავალში არ განმეორდეს ის, რასაც ჩვენ ახლა ვესწრებით. კერძოდ, მომსწრენი ვართ იმისა, ხშირად ცდილობენ ხოლმე გირგვლიანის საქმის გაუბრალოებას. თუ ერთი მხრივ, გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს პოლიტიკური ცირკი უწოდა, რა თქმა უნდა, გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას და გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება.
პრეზიდენტის ინსტიტუტი არის პირველ რიგში იმისთვის, რომ სახელმწიფოს სწორ განვითარებას შეუწყოს ხელი. მე ვფიქრობ, რომ ამგვარი ინიციატივები ქვეყნის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ამ ინიციატივის დახვეწის თუ შემუშავების მომდევნო პროცესში იმისათვის, რომ მომავალმა ხელისუფლებებმა არასდროს იფიქრონ, რომ სახელმწიფო მანქანის გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების ხელშეშლის მიზნით”- აღნიშნა წულუკიანმა.
“ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.