ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ექსპერტიზის მიხედვით, მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსეპერტიზის დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ.

ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა.

„ტყვიაზე არც დნმ-ი აღმოჩნდა. ანუ არც სისხლია და არც დნმ-ი. კედლიდან ამოიღეს ტყვიის 5 ფრაგმენტი. ამ ფრაგმენტებიდან ერთზე, ექსპერტს ეწერა, რომ საკმარისია მისი მოცულობა, რათა ჩატარდეს ექსპერტიზა და მასზე გაიცეს პასუხი. სწორედ ამ საკმაოდ დიდ ტყვიის ფრაგმენტს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუმცა დასკვნაში ჩაიწერა, რომ „ფრაგმენტი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დადგენილიყო დნმ-ის კვალი“. ასევე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხით დადგინდა, რომ სროლა ახლო მანძილიდან არ მომხდარა. “ახლო მანძილად“ ამ შემთხვევაში ითვლება 120 სმ. ნასროლი არის ზემოდან ქვემოთ“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია განადგურებული, რაც საქმის ვითარებას ნათელს მოჰფენდა.

„უნდა ითქვას, რომ შუბლის ის ნაწილი, რისი დახმარებითაც უნდა გარკვეულიყო სროლის მანძილი, თემირლან მაჩალიაშვილისთვის ჩატარებული ოპერაციის შემდეგ განადგურდა. ასევე ამოჭრილია კედელი, სადაც გაჩერდა ტყვია. აქედან გამომდინარე, ზუსტი პასუხის გაცემა რთულია იმაზე, რა და როგორ ვითარებაში მოხდა გასროლა“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა.  ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....