სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას უნდობლობას უცხადებს და პროტესტისთვის ემზადება. საქმე ეხება მესტიის საკრებულოს დეპუტატის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობას, რომლის ოჯახიც სამართალდამცველებისგან მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას მოითხოვს და 10-დღიან ვადას აძლევს.
ნიგურიანის მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, ამიტომ ოჯახმაც და მესტიელებმაც იციან, ვინ ჩაიდინა დანაშაული. მოწმეებმა ჩვენებები პოლიციას უკვე მისცეს, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია, ამის მიუხედავად, ბრალდებულის დაკავება უკვე ერთი თვეა ვერ ხერხდება. ნიგურიანები ეჭვობენ, რომ პოლიცია დამნაშავეს ხელს აფარებს. ნიგურიანის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მკვლელს სხვა ოჯახი იფარებს.
ნიგურიანების ოჯახის ნათესავები, ახლობლები, მეზობლები და ნაცნობები ამბობენ, რომ ყველა ქუჩაში გამოვა და სვანეთში უმართავი პროცესები დაიწყება.
მესტიის მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ თუ დამნაშავეს სამართალდამცავები არ დააკავებენ, ის ხალხმა თავად გაასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში საკრებულოს წევრი და “ენმ”-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლომარი ნიგურიანი გასული წლის 25 დეკემბერს მოკლეს. მკვლელობა მეზობლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ნიგურიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.