ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ მქონდა განცდა, რომ ქვა სასამართლოს შენობას ვესროლე, ქვა უსამართლობის კერას ვესროლე”

“ჩემი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული. სიმართლე გითხრათ, მე არ მქონდა განცდა, რომ სასამართლოს შენობას ვესროლე, მე ქვა უსამართლობის კერას ვესროლე” – ამის შესახებ გუშინ, “ბახალას” განაჩენის შემდეგ დაკავებულმა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქრიშვილმა განაცხადა.

მის მიერ სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ვაღიარებ, უბრალოდ არასამართლიანი მგონია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იგივე ქმედებაზე მიმდინარეობს. ეს შეუსაბამოა და იმედია სისხლის სამართლის საქმე შეწყდება. რაც შეეხება გუშინ მომხდარს, ჩემი ქმედება პროტესტით იყო გამოწვეული. სიმართლე გითხრათ მე არ მქონდა განცდა, რომ სასამართლოს შენობას ვესროლე, მე ქვა უსამართლობის კერას ვესროლე”, – განაცხადა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ის მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო გუშინ კი მას სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 8-წლით მიესაჯა.

ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს. თუმცა მოსამართლემ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „თეთრი ხმაურის მოძარაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა სასამართლოს შენობას პროტესტის ნიშნად აგური ესროლა, რის შედეგადაც მინა ჩაიმსხვრა და ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით, რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

წიქარიშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე,  ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ხოლო მეორე მუხლი კი წვრილმან ხულიგნობას

 

იტვირთბა....