”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, ბოლოს როდესაც ის სამსონ ქუთათელიძეს შეხვდა, მან უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.
მისივე ინფორმაციით, ქუთათელაძეს პირადად მასთან არაერთხელ უსაუბრია, რომ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა ჭანტურიასთან. ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძემ მას უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან ”გააგდო კიდეც”. „
მე როგორ ვთქვა ადამიანზე, რომ ეს გააკეთა. ყოველ შემთხვევაში სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით და ეს ვიცი. დავა ვიცი, რომ რაღაც მიწის ფართზე იყო, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ. რამდენადაც მე გამოვიტანე დასკვნა ასეა. ქუთათელაძეს დაახლოებით 1 კვირის წინ შევხვდი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. საუბარი ეხებოდა ჩვენს საქმიანობას. მაშინაც ახსენა, რომ ჭანტურიასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. შეხვედრა შედგა, იქ იჯდა რამდენიმე ადამიანი და ასევე კიდევ ერთი მეწილე. კონფლიქტის თაობაზე მას მანამდეც უხსენებია და დაადასტურა მაშინაც, რომ კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა. თქვა, რომ კაბინეტიდან გავაგდეო. ხელის შეხებამდე საქმე მგონი არ მისულა. კონფლიქტი იყო ბაზრის ფართთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს, ეს არ უხსენებია
გამოძიებას აინტერესებდა თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დაადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში”, – განაცხადა ბლუაშვილმა.
შეგახსენებთ, გენერალი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს.