სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულებს შორის ყველაზე დიდი წილი იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც უმაღლესი განათლება პოსტსაბჭოთა პერიოდში მიიღეს (44%). საბჭოთა უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულების წილი 38%-ს აღწევს, ხოლო ბოლონიის სისტემის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი – 18%-ს.
დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება ბოლონიის პროცესის მიხედვით ხორციელდება, რომელიც რადიკალურად განსხვავდება საბჭოთა და გარდამავალი პერიოდის უმაღლესი განათლების სისტემისგან. ამის მიუხედავად, თანამედროვე სისტემაში განათლებამიღებული ახალგაზრდების მხოლოდ ნახევარი მუშაობს, 50% კი უმუშევარია.