ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი NDI-ის კვლევაზე : „საზოგადოება ახალ პოლიტიკურ ელიტას ითხოვს“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ საუბარში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს, რომელსაც ვერ პოულობს და ეს დღევანდელი რეალობაა.

„კანონზომიერია, რომ ძალიან ბევრია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ და ეს ადგილობრივ არჩევნებზეც გამოჩნდა. ამ კვლევამ მარტივი ფაქტი დაადასტურა, ამომრჩეველი, ძირითადად, პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებულია, არ მოწონს არავინ – არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. საზოგადოება ეძებს ახალ არჩევანს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ პოულობს, ეს არის დღევანდელი რეალობა.  ხელისუფლება + ოპოზიცია ერთად 40%-საც ვერ აგროვებენ და ეს დიდი პრობლემაა. ხალხი ახალ პოლიტიკურ ელიტას ითხოვს და რადგან მოთხოვნა არის, იმედია, ეს პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდება. ამომრჩეველი არსებულ პოლიტიკურ ელიტას არ ენდობა“, – აცხადებს ხუხაშვილი.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 27% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 24% – არც ერთ პარტიას, არ იცის 15%, ხოლო პასუხზე უარი 13%-მა განაცხადა.

გამოკითხულებს შორის ყველაზე მეტი ხმა, ოპოზიციურ პარტიებს შორის, „ნაციონალურმა მოძრაონამ მიიღო – მას მხარს 10% დაუჭერდა, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3%. დანარჩენ პარტიებს 7%.

NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

იტვირთბა....