პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის „NDI”-ის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ, მაჟორიტარი დეპუტატობის კუთხით, უკმაყოფილოა საკუთარი მუშაობით.
„ჩემს ოლქში არის 42 000 ამომრჩეველი. არჩევნების დროს ხმა 60%-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა ანუ 18-20 ათასი ადამიანი არჩევნების მიმართ უკვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. მაჟორიტარი დეპუტატების ცნობადობა არჩევნების წინ უფრო მაღალი იყო. დაახლოებით ორთვიან რეჟიმში დეპუტატობის კანდიდატი 2-3 შეხვედრას ატარებს, სადაც კეთდება იმის ორგანიზება, რომ მოსახლეობა პროცესებში მაქსიმალურად ჩართოს. დღეს უკვე მაქსიმალურად ბევრი საქმე აქვს პარლამენტარს. ჩემი მიღების დღე არის სამშაბათი დღე და ვხვდები მოსახლეობას. გარდა ამისა, ჩემი ბიუროს უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად გავდივარ სხვადასხვა უბანში და ადგილობრივ პრობლემებს ვეცნობი. ბუნებრივია, 42 000 -დან ნახევართანაც არ მომიწიოს შეხება. შეიძლება, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გამოკითხვის დროს სხვა შედეგი დაიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამ კვლევის შედეგებს ყურადღებით ვეცნობი და ეს მავალდებულებს, რომ მომავალში უფრო გავაძლიერო მუშაობა. პირადად, ჩემი მუშაობით ჩემს მაჟორიტარულ ოლქში არ ვარ კმაყოფილი. შესაძლებლობებს რაც მე გამაჩნია, თუნდაც პირადი და თუნდაც იმის, რომ გავლენა მოვახდინო გარკვეულ პროცესებზე ბოლომდე ვერ ვიყენებ. ხანდახან ისეთი პრობლემებით მოდის მოსახლეობა, რომ მისი გადაჭრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, – განუცხადა „მეტრონომს“ ხუციშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გამოკითხულთა 26%-მა გასცა სწორად პასუხი, ხოლო 14%-მა შეკითხვას არასწორად უპასუხა.
NDI-მ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.