ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რომან გოცირიძე: „მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ NDI-ის შედეგები მისაღები არ არის, მაგრამ მთავარი აქ დინამიკაა“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „მეტრონომთან“ საუბრისას ეროვნულ დემოკრატიული (NDI) კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ იმის გამო ინარჩუნებს რეიტინგს, რომ ყველაფერი სასხელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.

„აქ მთავარი დინამიკაა. ჩვენ ვხედავთ, რომ წინა გამოკითხვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რეიტინგმა დაიკლო და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობამ 1%-ით მოიმატა. მთლიანობაში, ეს შედეგები ჩვენთვის მისაღები არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ რეალურად, ყველაფერი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა მოქცეული და „ოცნება“ უზარმაზარ სახსრებს ხარჯავს პროპაგანდისთვის. ყველა სფეროს აკონტროლებს ივანიშვილი, დაწყებული სასხელმწიფო მედიიდან დამთავრებული კერძო მედიასაშუალებებით, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ კიდევ შერჩენია რეიტინგი. თუმცა, თუ დავაკვირდებით ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, კრიმინალის ზრდასა და მედიათავისუფლების შეზღუდვას, ხალხი ადრე თუ გვიან გამოფხიზლდება“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”– 31%,
არც ერთი პარტია – 30%,
უარი პასუხზე – 12%,
”ნაციონალური მოძრაობა”- 10%,
არ ვიცი – 5%,
”ევროპული საქართველო”- 4%,
”პატრიოტთა ალიანსი”- 3%,
სხვა – 1%.

NDI-მ და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2,298 პირი.

იტვირთბა....