„ის, რაც პუბლიკაციაში წერია, რეალობას არ შეესაბამება და ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გაცემული აქვს არგუმენტირებული პასუხი აუდიტის სამსახურისთვის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ..
”გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია ერთ-ერთმა პუბლიკაციამ, რომელიც ეხებოდა იმუნიზაციის პროცესს. მათ შორის, გუშინწინ გაიმართა სხდომა აუდიტის სამსახურში, სადაც ჩვენმა წარმომადგენლებმა დაუსაბუთეს აუდიტის სამსახურს ჩვენი პოზიცია. აუდიტის სამსახური დაეთანხმა დაავადებათა კოტროლის ცენტრის წარმომადგენლებს და იყო დაპირება, რომ ეს საკითხი მოიხსნებოდა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ გამიზნულად ხდება დისკრედიტაცია უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციისა, რომელიც დაკავშირებულია იმუნიზაციასთან და მოსახლეობის ვაქცინაციასთან. აუდიტის სამსახურის პუბლიკაციაში არ იყო განმარტებული, რომ საუბარი იყო ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და არა სხვა აცრებზე, რომლებიც კეთდება კალენდრის მიხედვით.”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
როგორც აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმაშია აღნიშნული, შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა.
„მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში.
დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ჩატარების პერიოდია 2016-2017 წლები.