ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდებულის მამა: “მოსამართლემ ასე ჩათვალა საჭიროდ, არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია“

კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მამამ პაატა ქვლივიძემ ”პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის უმუშევარია და გირაო მეგობრებისგან შეგროვებული ფულით შეიტანა.

”ვიღაცა რაღაცას დაწერს… ასე არ შეიძლება. ჯერ ეს ერთი არსად ვმუშაობ, უმუშევარი ვარ. ვმუშაობდი და გაუქმდა ჩვენი სამსახური და უკვე წელიწადნახევარია უმუშევარი ვარ. მეგობრებმა რაღაც შევაგროვეთ და გირაო შევიტანეთ. არც ველოდით. მოსამართლემაც რომ დაინახა ჩემი შვილი, მიხვდა ალბათ, რომ წესიერი ადამიანია, არ არის მკვლელი და გაითვალისწინა ყველაფერი.

გამოძიება მიმდინარეობს და გამოიძიებს ყველაფერს. არც მე და არც ჩემი შვილი არ გავექცევით არაფერს. ჩვეულებრივ ჩაბარდება კიდეც და ჩვეულებრივ მოხდება ყველაფერი. არ მყავს პატრონი, რომ ვიღაცები ჩამერია. მე თვითონ უმუშევარი ვარ. რაღაც ”თოლიას” წილი მაქვს, თუმცა ვალებისკენ მიდის ყველაფერი. მე არც ოლიგარქი ვარ, არც „ოცნების“ წევრი ვარ. ”მესმის, რომ არ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, თუმცა, ყველას მოსდის რაღაც შეცდომა. ახალგაზრდები იცით, როგორც არიან. ყველა არ არის ერთნაირი და სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ამათგან არ არის დაწყებული, დაწყებულია იმათი მხრიდან. გვაპატიონ, ვეუბნებით და შევუთვალე კიდეც. ამ ბიჭმაც თქვა, რომ არ უნდა მომექნიაო, მაგრამ მოხდა. ხდება ყველაფერი, თუმცა არ არის ჩემი შვილი მკვლელი და ნაძირალა. ის არც კლუბებში დადის”,- განაცხადა პაატა ქვლივიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

 

იტვირთბა....