სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „მეტრონომთან“ საუბრისას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას ეხმაურება, კერძოდ, იმას, რომ გამოკითხულთა 41%-ის განცხადებით, რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, აშშ-ზე ძლიერია, ხოლო საპირისპიროდ მხოლოდ 36% ფიქრობს.
ალადაშვილის განცხადებით, რუსეთ-ამერიკის ომის შემთხვევაში წაგებული და მოგებული არ იქნება და გადარჩენის შანსი არ არსებობს. მოსახლეობა რუსეთს უფრო ძლიერად იმიტომ მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ახსოვთ.
„თითონ ასეთი მიდგომა, რომ ერთი ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, მეორეზე ძლიერია არასწორია. მით უმეტეს, როდესაც ეს ერთი დონის სახელმწიფოებს ეხება. აშშ და რუსეთი არიან ზესახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულ იარაღს ფლობენ, ეს კი ბევრ რამეს ცვლის. ბირთვული ომი რომ დაიწყოს, წაგებული და მოგებული არ იქნება, რადგან გადარჩენის შანსი არ არსებობს. მსოფლიოში არ არსებობს მისი 100%-იანი მოგერიების შანსი. სხვა საკითხია არაბირთვული შეიარაღება. სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთხით, ამერიკა უფრო ძლიერია, რადგან მას რამდენიმე საავიამზიდო დაჯგუფება აქვს. რუსეთს კი მხოლოდ ერთდერთი ავიამზიდი ყავს, რომელიც მოძველებულია. ავიაციას რაც შეეხება, 90-იან წლებში, თითქოს, ამერიკის საჰაერო ძალები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რადგან მას ქონდა საჰაერო წერტილოვანი დარტყმების საშუალება. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ ავიაციის თვალსაზრისით, სერიოზული ცვლილებები დაიწყო, რადგან ნახეს რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდათ ისეთ ქვეყანასთანაც კი, როგორიც საქართველოა. მათ უკვე სერიოზულ წარმატებებს მიაღწიეს. პირველ რიგში ეს სამხედრო ავიაციას ეხება. რუსეთის საჰაერო კოსმოსურ შეიარაღებულ ძალებში ახალი საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენებია მიღებული, ხოლო აშშ-ს დიდი ხანია ავიაცია არ განუახლებია. თუმცა, აშშ-მ შეიარაღებაში მეხუთე თაობის გამანადგურებლები მიიღო, რაც რუსეთს ჯერ შეიარაღებაში არ ყავთ. ჯავშატექნიკაში ამ ეტაპზე ახალი არაფერია მიღებულლი, რაც რომელიმე მხარეს უპირატესობას მიანიჭებს. ის, რომ უმრავლესობას რუსეთი ამერიკაზე ძლიერად მიაჩნია, უფრო იმითაა განპირობებული, რომ რუსეთი ჩვენი მეზობელია და უფრო ახლოს მდებარეობს და მოსახლეობას 2008 წელი ახსოვს, მოსახლეობას ახსოვს საჰაერო დარტყმები და ორი მხრიდან შემოჭრილი ჯავშანტექნიკის დარტყმები. აშშ-ს სამხედრო ძალას ჩვენ, ძირითადად, იმ სამხედრო მანევრების დროს ვხედავთ, რომლებიც ბოლო დროს საქართველოს პოლიგონებზე იმართება“, – აცხადებს „არსენალის“ მთავარი რედაქტორი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, სამხედრო თვალსაზრისით რომელი უფრო ძლიერი ქვეყანაა აშშ თუ რუსეთი, გამოკითხულთა 41%-მა განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკაზე ძლიერია, ხოლო 36%-მა აშშ დაასახელა.
ეროვნულ-დამოკრატიულმა ინსტიტუტმა თვითმმართველობის შემდეგ პირველი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში მოსახლეობის მთავარი პრობლემებისა და ქვეყნის განვითარების შეფასებებია მოცემული.