NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ. ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, მათ სამხედრო მეთაურებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.
„შეხვედრაზე განიხილება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებული გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ერთად ავღანეთის მისიაზე იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე”, – აღნიშნნულია NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.
NATO-ს სამხედრო კომიტეტი, სამხედრო მეთაურების დონეზე, წელიწადში ორჯერ ბრიუსელში იკრიბება, რათა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე იმსჯელოს.