დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ციხეში რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, ციხის ზედამხედველობის თანამშრომლებმა იზოლატორში მოთავსებულებს დუბინკებით სცემეს კიდეც.
პატიმრების ცემის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი პატიმრის მშობელმა აცნობა. მედია ამ პიროვნების სახელსა და გვარს არ ამჟღავნებს, თუმცა საპატიმროში მომხდარ ინციდენტს დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს.
იგორ ვანიევის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებაში წესრიგის განხორციელების დროს, პატიმარმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია: ,,ის ასევე გამოირჩეოდა არასტაბილური ფსიქოლოგიური მდგომარეობით,” – აცხადებს ვანიევი.
პატიმრის მშობელი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად მისმა შვილმა და სხვებმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადეს. ასევე, არ სარგებლობენ ეზოში გასვლის უფლებით. ამის მიზეზად, მშობელი უხარისხო საკვებს და ადამიანისთვის არასათანადო პირობებს ასახელებს.
ცხინვალის ციხეში, 2017 წლის 29 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება.
წყარო: qartli.ge