საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დაკავებულია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ასევე დაკავებულია 5 ადამიანი.
მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის საშუალებით ჭრილობები მიაყენა დავით ტორიაშვილს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.
როგორც ირკვევა, მკვლელობა ნაქირავებ ბინაში მოხდა. სუფრა იყო გაშლილი. ქისტაურთან და ტორიაშვილთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა ქისტაურის რამდენიმე მეგობარი. ბიჭები ერთად სვამდნენ, მოკლულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო და სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტორიაშვილი შეეცადა კარისკენ წასულიყო და იქაურობას გაცლოდა, მაგრამ კართან მისულს, კიდევ ერთი ტყვია ესროლა. ბიჭი იქვე ჩაიკეცა, არც ამას დასჯერდა დამნაშავე, ამის შემდეგ დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ყელი გამოჭრა. მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრალდებული კვალის დაფარვას შეუდგა, მეგობრები იხმო შემთხვევის ადგილზე. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ მკვლელობის თვითხილველი პირები, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან. თუმცა ყველა მათგანი დაკითხულია. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, “ისინი ამბობენ, ქისტაური მოკვლით დაგვემუქრა, თუ რამეს ვიტყოდითო”.
გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ერთ-ერთი მოწმე ამბობს: “ნიკა ქისტაურმა მითხრა, დათო იმიტომ მოვკალი, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შენ არა ხარ კაი ბიჭიო. გავბრაზდი და გავაფრთხილე, არ გაებედა და მეორედ მსგავსი სიტყვები არ ეთქვა ჩემთვის, თორემ ვესროდი, რადგან მე ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა. ამის მერე ისევ გამიმეორა, არ ხარ კაი ბიჭიო… ავიღე იარაღი და ვესროლე, მერე ყელი გამოვჭერი”.
შეგახსენებთ, 2017 წლის 29 დეკემბერს გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მტკვარში გადააგდეს.