ფრანგული კომპანია “ლაქტალისის” ხელმძღვანელმა ემანუელ ბენიემ Journal du Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ლაქტალისი“ ბავშვთა საკვებში სალმონელას აღმოჩენის გამო, მსოფლიოს 83 ქვეყნიდან 12 მილიონ ქილას ამოიღებს.
„საერთო ჯამში, 83 ქვეყნიდან ამოვიღებთ 12 მილიონ ქილას. ჩვენი მთავარი მიზანია, ბაზრზე ჯანსაღი პროდუქტი შევიტანოთ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ბენიე აღნიშნავს, რომ კომპანიამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამოძიებას უკვე გადაეცა.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალმონელათი დაბინძურებული საკვების გამო, საფრანგეთში მოწამვლის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.
რამდენიმე კვირის წინ, „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობის წევრებმა კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ ბავშვთა კვება „სელიაში“, რომელიც საქართველოში იყიდება, სალმონელას ბაქტერიის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ჩაატარა.