სახალხო დამცველის აპარატი ბოლო პერიოდში გახშირებული ოჯახური ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.
ომბუდსმენის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის მხრიდან არასათანადო რეაგირებაზეც ისაუბრა.
„პრობლემას წარმოადგენს განმეორებითი ძალადობის ფაქტების პრევენცია და ჩვენ ვიცით ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მსხვერპლს მიმართული ჰქონდა პოლიციისათვის, თუმცა ვერ მოხერხდა მისი დაცვა სხვა სასტიკი ძალადობის ფორმებისგან. ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ არ ხდება რისკის ადეკვატური შეფასება და ასევე, გამოყენებული დაცვის ღონისძიების შემთხვევაში სამართალდამცავი უწყება არ ინტერესდება რამდენად საკმარისი აღმოჩნდა მათი ერთჯერადი ჩარევა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვიცით მხოლოდ შემაკავებელი ორდერების რიცხვი და არ ვიცით იმ ორდერების რიცხვი, რომლებმაც ეფექტიანი შედეგი გამოიღო”,- განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.