ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხთარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, სადაც კონტრაბანდაში წაუყენეს ბრალი, რომელიც ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.
მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხთარლი და ყველა პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ძირითადი უფლებების დაცვისთვის იხდის.
ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურორი მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასმართლოზე განცხადება თავად მუხთარლიმაც გააკეთა. მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აბსურდული უწოდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მას აზერბაიჯანში არალეგალურად გადასვლა აზრადაც არ მოსვლია.

იტვირთბა....