აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის განაჩენის გამოტანას მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აფგანს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წვლილი მიუძღვის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრებაში.
„ეს ორგანიზებული დანაშაული საქართველოში მოხდა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ აფგან მუხთარლის დაპატიმრებაზე“, – აღნიშნა მან.
როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საგამოძიებო ჟურნალისტი მოიცილა, შეზღუდა მისი თავისუფლება და ციხეში გამოკეტა“.
„მიუხედავად ამისა, მე და ჩემი მეუღლის კოლეგები დაწყებულ გამოძიებებს ბოლომდე მივიყვანთ“, – დასძინა მუსტაფაევამ.
აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება. აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”