ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი კობახიძე – „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში არ იქნეს მიღებული“

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ყველა მხარესთან უნდა მოხდეს მსჯელობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

„„ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც იქნება ჩართული ამ განხილვებში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი – საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, უნდა  მოეწყოს ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს ”.

იტვირთბა....