ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი “მეტრონომთან” ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის მთავარმა მოწმემ გიორგი ბაშალეიშვილმა წინა ჩვენებებისგან განსხვავებით სრულიად სხვა ჩვენება მისცა და თქვა, რომ რობაქიძეს და მასთან თანმხლებ პირებს იარაღი არ ჰქონიათ, ხოლო ავტომატი შემთხვევის ადგილას შემდეგ მიიტანეს.
მეტრეველის თქმით, ბაშალეიშვილის ჩვენების შემდეგ, ჩნდება შესაძლებლობა, რომ დონაძე და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ხუთი პოლიციელის მიმართ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. მეტრეველი ამბობს, რომ ბაშალეიშვილის შეცვლილი ჩვენებები ახალი არ არის, რადგანაც ის მთელი ამ წლის განმავლობაში ჩვენებებს ბევრჯერ ცვლიდა. თუმცა მეტრეველი ამბობს, რომ დღეს მან ზუსტად ის ისაუბრა, რაც რეალურად მოხდა.
“ჯერ კიდევ “ნაციონალების” დროს, ბაშალეიშვილმა ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მაშინ ბუტა რობაქიძის საქმე ცალკე იყო გამოყოფილი და ამ საქმეზე ის გამართლდა და ყველანაირმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვს ხელები ჰქონდა აწეული და მას ავტომატი ვერ ეჭირებოდა, მითუმეტეს სროლას ვერ შეძლებდა.
ბაშალეიშვილი წინა ჩვენებების დროს ამბობს, რომ ბუტას ხელში იარაღი ეჭირა და მას ესროლა, რის შემდეგაც საპასუხო სროლა განახორციელა. თუმცა მან “ნაციონალების” დროსვე შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ იარაღი გაუვარდა, რის შემდეგაც 4 წელი მიესაჯა. თუმცა ესეც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც მას კი არ გაუვარდა შეგნებულად ესროლა. ბაშალეიშვილი ნასვამი იყო და ამის დაფარვა უნდოდათ.
მისმა მეწყვილემაც სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მას პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა, თუმცა მაშინ არავინ გარდაცვლილა”,-ამბობს მეტრეველი “მეტრონომთან”.
მისივე თქმით, დონაძე და დანარჩენი ხუთი პირი, რომლებმაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მიმალვა სცადეს და გირაოთი არიან გათავისუფლებულები, ამ ჩვენების შემდეგ, მოსამართლემ მათი დაკავების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მეტრეველი ამბობს, რომ ეს პროცესები ძალიან მალე დასრულდება და ყველა საკადრის პასუხს აგებს. რობაქიძის დედა აცხადებს, რომ 60 დაკითხული პირიდან 40 ადამიანი ადასტურებს, რომ რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონდათ.
ცნობისთვის, დღეს, ბუტა რობაქიძის სასამართლო პროცესზე, მის მამას სოსო რობაქიძეს მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. მან პატრულის ყოფილ გასამართლებულ თანამშრომელს, გრიგოლ ბაშალეიშვილს, რომელიც მოწმის სტატუსით დაიკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოწმის ჩვენების მიხედვით, ის როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მანქანაში მსხდომი პირები შეამოწმა, იარაღი არავის ჰქონდა. მან პროცესზე თქვა, რომ წინა პატაკში, როცა მან ჩაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე ორმხრივი სროლები იყო, არასწორი ინფორმაციაა. ამის შემდეგ დაიწყო აჟიოტაჟი სასამართლო დარბაზში, რა დროსაც სოსო რობაქიძეს დარბაზი დაატოვებინეს.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი.