ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

გენერალი „მეტრონომთან“: რაში ეხმარება რუსეთს პანკისის თემის აჟიტირება?

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა და მედიამ პანკისის თემით მანიპულაციისგან თავი უნდა შეიკავონ. მისი თქმით, დაუშვებელია ისეთი რეგიონის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება, როგორიც პანკისია.

მას მიაჩნია, რომ ეს მაქსიმუმ სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. გენერალი ფიქრობს, რომ მედიამ სუს-ი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ის იძულებული გახადა, რომ  გამოძიება ასეთ რთულ სიტუაციაში განაგრძოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება. სალუქვაძის თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და ყველამ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, რადგანაც ქვეყნის მტრებმა შექმნილი სიტუაციიდან სარგებელი არ ნახონ.

„მეტრონომი“: პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი მაჩალიკაშვილი, სამწუხაროდ გარდაიცვალა. დღეს სოლიდარობის აქცია დაიგეგმა, სადაც აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ სუს-ის გავლენის შეზღუდვა მოხდეს. რასთან გავქვს საქმე და ამ საკითხის გამოყენება რამდენად საფრთხის შემცვლელია?

ამირან სალუქვაძე: როგორც მინიმუმ უპასუხისმგებლობასთან, მწვავე და სახიფათო თემების ვიწრო პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესების გამოყენებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ სახელმწიფოს, მისი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან. ეს ყველაფერი ზუსტად იმ გარე ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელთა წინააღმდეგაც თვითონ ილაშქრებენ. თავისთავად, იბადება ასეთი კითხვა: პოლიციამ სპეცოპერაციების მთელი სერია ჩაატარა სოფელ ფონიჭალაში. რატომ არ გამოუცხადეს სოლიდარობა ფონიჭალელებს?

– ქართული საზოგადოება და მედია ახალა როგორ უნდა მოიქცეს, რომ ვიღაცის ინტერესების გატარებას ნებსით თუ უნებლიედ ხელი არ შეუწყოს?

– მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს თემის გაშუქებას, არ მოახდინოს ზედმეტი აჟიტირება, დაელოდოს გამოძიების შედეგებს და ამავდროულად, პულსზე ჰქონდეს ხელი, რათა თემა არ მიეცეს მივიწყებას – შესაბამისმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ეს ეხებათ და არა ყველამ. ასევე, ომბუდსმენის სამსახურმა, სისტემატიურად  პროცესების მონიტორინგი უნდა აწარმოონ.

ერთი ნათელი მაგალითი, რაზეც გუშინ საუბრობდა დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, თუ როგორ გადაატრიალა მისი ნათქვამი სააგენტომ და გამოუშვა სტატია სათაურით: „საქმეში აღმოჩნდა ფოტოები, რომლებმაც შესაძლოა თავდაყირა დააყენოს გამოძიება“. ეს შესაძლოა ჟურნალისტური ხრიკია, რეიტინგის ასაწევად, მაგრამ ასეთი სათაურები ახდენს ცრუ მოლოდინების გამოწვევას და უარყოფით ზეგავლენას პროცესებზე.

– გახსოვთ ალბათ ჩეჩნეთის პრეზიდენტის კადიროვის განცხადება, რომ საქართველოში ტერორისტები არიან შემოსულები. რას ნიშნავს ეს და რა სიგნალი მიიღო საქართველომ ამ განცხადებით?

– კადიროვი თავად ებრძვის ამ ტერორისტებს, რადგან ისინი მისი რეჟიმის მტრები არიან. მისი განცხადება კი ემსახურება იმას, რომ პანკისის თემა ისევ აქტუალური იყოს, რაც რუსეთის ინტერესებშია. სოლიდარობის აქციებიც ეხმარება რუსეთს პანკისის თემის აჟიტირებაში.

გაიხსენეთ კარასინის განცხადება აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც შარშან ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე შედგა. ვიზების გაუქმების მიზეზად ზუსტად პანკისი დაასახელა.

– პანკისში სიტუაციის დაძაბვა, რა რისკებთან არის დაკავშირებული?

– პანკისის თემის გააქტიურებასთან, რასაც ჩვენი მეზობელი როგორც მინიმუმ ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოიყენებს და დღევანდელი რეალობებიდან გამომდინარე, შესაძლოა სამხედრო სცენარებიც კი. დეტალებს არ ჩავუღრმავდები.

– ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ვერსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რომ პანკისში სიტუაცია დაიძაბოს და ვიღაცა რუსეთის სასარგებლო საქმეს აკეთებს. რა აზრის ხართ ამაზე?

– თუ აქციებს და თემის აჟიტირებას გულისხმობთ, არ გამოვრიცხავ.

– რაც შეეხება სპეცოპერაციას, დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ კითხვები არსებობს, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილი 4 საათის განმავლობაში არ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მისი გარდაცვალება სურდათ. თქვენ რა კითხვები გაქვთ ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით?

– როგორც ექსპერტმა გუშინ „კავკასიის“ ეთერში ისაუბრა და ერთი მაგალითი უკვე მოვიყვანე, მისი ინტერვიუს დამახინჯება ხდება. ამიტომ, უნდა დაველოდოთ როგორც მისი საქმიანობის, ასევე გამოძიების საბოლოო შედეგებს.

– სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებშიც ჩანს და მაღაზიის მეპატრონეც ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი და ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები ნოემბრის შუა რიცხვებში იმყოფებოდნენ მათთან. რატომ დადიოდნენ ასე უპრობლემოდ ეს ადამიანები, როდესაც მათ სახლში უკვე ჩატაევი ჰყავდათ დამალული?

– ჩატაევი ხომ არ დადიოდა? დადიოდნენ მასთან დაკავშირებული პირები. სპეცსამსახური აწარმოებდა ოპერატიულ დაკვირვებას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხდება ინფორმაციების შეგროვება, ანალიზი და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას სპეცოპერაციაზე. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ. ეს კითხვები გამოძიებას უნდა დაუსვათ.

– როგორ მოახერხეს ანტიტერორისტული ორგანიზაციის მიერ დაკვირვებაში მყოფმა პირებმა, ჩატაევის საზღვარზე გადმოყვანა და იმ ბინაში დაბინავება, რომელიც სუს-ის მიერ არა ერთხელ ყოფილა ჩხრეკვის ობიექტი. არ გაქვთ კითხვები ასეთ დეტალებზე?

– ეს კითხვა ან გამოძიებას უნდა დაუსვათ, ან იმათ, ვინც იქ მიიყვანა ჩატაევი.

– რას ურჩევთ სუს-ს, როგორ უნდა მოახერხოს საზოგადოების დარწმუნება, რომ 19 წლის ახალგაზრდის დაჭრა გარდაუვალი იყო? რა მტკიცების სირთულე აქვს ახლა ჩვენს ძალოვანებს?

– რთულ სიტუაციაში ჩააგდო სუს-ი მედიამ და პოლიტიკურმა ძალებმა. უნდა გააგრძელონ გამოძიება და ოჯახთან ურთიერთობა. სხვებს კი ვურჩევდი პაუზა აიღონ და რეიტინგების ასაწევად სხვა თემები მონახონ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....