პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება. სესიაშვილი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ავსტრიის შს მინისტრის მხრიდან მაჩალიკაშვილის ავსტრიულ კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ.
მისივე თქმით, თუ მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე ან პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვები არსებობს, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და ამ თემით მანიპულაცია დაუშვებელია.
“ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რა თქვა ვერ ვიტყვი, ამ დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ამ საკითხს, თავისთავად მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. ეს ტრაგედიაა, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ძალიან სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის გლობალური საფრთხე. ამ მიმართულებით საქართველო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა.
ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ეს ტრაგედია ყველას შეგვეხო. სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი. ხელისუფლება მოქმედებს კანონის ფარგლებში. თუ სადმე კითხვა არსებობს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. მაქსიმალური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენი უნდა ვიფიქროთ მომავალ დღეზე, მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ავსტრიული მედია, კერძოდ გაზეთი “კრონენ ცაიტუნგი” პანკისში სპეცპერაციისას დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავტრიაში შესაძლო მკურნალობას ეხმაურება.
გაზეთის, ინფორმაციით, საქართველოს მთავროვბას სურდა ISIS-თან კავშირში მყოფი ტერორისტისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ის ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამონისტრომ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მის კავშირს გამორიცხავენ.
სუს-ის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
Kronen Zeitung: ავსტრიის შს მინისტრმა მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა