ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილების ადვოკატი: ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია

“ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია” – ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, ერთ-ერთი  მტკიცებულება სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა.

“წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ვერ მოასწრებდა ფიზიკურად სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება.

თვითმხილველი არავინ არის. პირველ სართულზე დაკავებული იყო დედა და მამა. სპეცრაზმელები არ ელოდნენ რომ გვერდით ოთახში იყო მისი და. რამდენიმე საათის შემდგომ შეიყვანეს მისი მამა ოთახში და მან ნახა, რომ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი, გარდა იმ ხელყუმბარისა, რომელიც ოთახში იყო დადებული. იმისთვის, რომ ჩადენილი დანაშაული გაემართლებინათ, მათ თავისუფლად ჩადეს საქმეში ეს ხელყუმბარა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატი საქმეზე გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მოითხოვს.

“მოვითხოვეთ უკვე, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწევს განცხადების შეცვლა და დედის ან მამის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, თუმცა ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს მისი გადაკვალიფიცირება და გამოძიება გაგრძელდეს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პირდაპირ ვლინდება განზრახ დანაშაული”,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

იტვირთბა....