სოფელ დუისში თემირლან მაჩალიკაშვილის გადასვენებას ელოდებიან. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მაჩალიკაშვილის ბებია ამბობს, რომ შვილიშვილი უდანაშაულოდ ჩაცხრილეს.
“რა უნდა ვუთხრა მთავრობას, უდანაშაულოდ ჩაცხრილეს შვილი, ოთახის კარი შეანგრიეს და უდანაშაულოდ ესროლეს ბავშვს, სხვა რა უნდა ვუთხრა მთავრობას, სულ ყველა ერთად დაგვხოცეს, მოვიდნენ ბარემ და ამ სახლსაც ცეცხლი წაუკიდონ, დაწვან.“- განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა.
დუისში ამბობენ, რომ ახალგაზრდის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა დაგვიანდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირალ მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან. გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის დედა აიზა მარგოშვილი აცხადებს, რომ ამ ამბავს ასე არ დატოვებენ.
შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი. კიდევ ერთი პირი გუშინ დააკავეს.