თბილისელების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ შევიმუშავეთ გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევის წესი. მინდა ვთხოვო გელა ჩივიაშვილს, გააკეთოს განმარტებები თუ რა ცვლილებები განხორციელდა და როგორი მიდგომები იქნება. მთავარია ის, რომ მოსახლეობის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს თავიდან აგვაცილებს ეს ცვლილება. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს, დაფინასების დუბლირებას”, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა განმარტა, რომ 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, თბილისის მერია დააფინანსებს.
“როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი იქნა დღეს დამტკიცებული თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად. გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდუვიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება. დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა. რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაოს ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება უკვე მომსახურების დაფინანსება”, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.