”ოთარ აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ბევრი შიშის გამო ვერ აწერს ხელს” – მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის რეპლიკა პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემაში “ფაბრიკა” დაადასტურა.
ბასლანძემ განაცხადა, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სწორედ ამის გამო ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბასლანძემ ასევე ჩამოთვალა ის პირები, (დეპუტატები და საჯარო მოხელეები) ვინც ოთარ აბესაძეს თავდებში უდგებიან. წამყვანის შეკითხვაზე, ბერა ივანიშვილის პოზიცია როგორია, ბასლანძე ამბობს, რომ ოთარ აბესაძეზე ისიც გაბრაზებულია.
“არ შეგვითავაზებია პეტიციაზე ხელის მოწერა, თუმცა, ჩემი აზრით, ბერაც მოაწერს ხელს, რადგან ადამიანი იღუპება. კვდება. რა თქმა უნდა, მასზე ბერაც გაბრაზებულია. თავიდან ყველა გავბრაზდით, როცა ეს ამბავი გავიგეთ. უბრალოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა. 40 კილო აქვს დაკლებული. კვდება ადამიანი. რომ გელაპარაკება, ავიწყდება რაღაცები. აღარ არის ამ ქვეყანაზე. რომ მოკვდეს, მერე რა ხდება?! ის არ არის საზოგადოებისთვის საშიში, ამიტომ ვითხოვთ მის გათავისუფლებას”, – განაცხადა ლაშა ბასლანძემ.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატი ირმა ჭკადუას ინფორმაციით ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა სასამართლო არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
“სასამართლომ და პროკურატურამ უნდა ილოცოს, რომ ოთარ აბესაძე კარგად იყოს”