წუხელ, მტკვირის მარცხენა სანაპიროზე 19 წლის დავით ტორიაშვილის ცხედარი იპოვეს. მას ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დადგენილი ჰყავს და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
სწორედ ამის გამო, სამართალდამცველებმა ორთაჭალაში, ერთ-ერთი სახლი გაჩხრიკეს, რომელიც იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 19 წლის დავით ტორიაშვილი მოკლული იპოვეს. ბინის მფლობელი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შევიდნენ სამართალდამცველები მის სახლში და რას ეძებდნენ. გვასალია ამბობს, რომ მან საცხოვრებელი სახლი 60 წლის ქალს მიაქირავა, რომელიც შვილთან ერთად ცხოვრობდა. მისივე თქმით, ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებმა ნივთების ნაწილი დალუქეს და წაიღეს.
„ვინც იქირავა ეს ბინა, იმის შვილი იყო აქ. დედამისმა ავადმყოფი არისო, ვერ მუშაობს და მკურნალობსო. ეს ბიჭი ოთხჯერ ხუთჯერ მყავს ნანახი აქ. პოლიცია შევიდა, იღებდა სურათებს, იძიებდნენ მკვლელის საკითხს. აქ გარაჟის პირდაპირ ამოიყვანეს ის ბიჭი წყლიდან,“ – აცხადებს გურამ გვასალია.
19 წლის დავით დავით ტორიაშვილის ცხედარი ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს ნახეს. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი წყლიდან გამოიტანეს. ტორიაშვილს კვირაზე მეტი ეძებდნენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.